ავსტრალიის მოქალაქე, შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე წუთის წინ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, თუმცა ვერსიებზე ის ვერ ისაუბრებს.
მისივე განცხადებით, ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს, უფრო საქართველოს მოქალაქეა.
"სამწუხაროა რომ ეს მოხდა, მინდა პირველ რიგში მის ოჯახს, ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ 2 დღეა, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩემი თანამშრომლები, გამომძიებლები.
გვაქვს რაღაცეები, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით. შეიძლება დაზიანდეს გამოძიება და ეს 2 დღის შრომა წყალში ჩაგვეყაროს ერთი არასწორი სიტყვის გამო.
ყველა გარდაცვლილის შემთხვევაში ვმუშაობთ ერთნაირად, არის ერთი სტანდარტი"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე რომ მთაწმინდის აღნიშნულ მონაკვეთზე სხვა ქალებზეც მოხდა ფიზიკური ძალადობა, თუმცა მათივე განცხადებით რეაგირება არ მოჰყოლია.
ვახტანგ გომელაური განმარტავს, რომ იყო ორი შეტყობინება, როცა მათ აცნობეს, რომ უცხო პირი მათი მიმართულებით მოძრაობდა, შეეშინდათ და გაიქცნენ. მისივე განცხადებით, ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა.
გომელაურის თქმით, ისინი დაიკითხნენ და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც.
შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებს.