ბათუმში, გამსახურდიას N4- ში მდებარე ძეგლზე წარმოებულ სამუშაოებზე დემონტაჟი დაიწყო. ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს განმარტებით, მათ მიერ გაცემული ნებართვა ითვალისწინებდა შენობაზე სახურავის ნაცვლად ტერასის მოწყობის სამუშაოებს, თუმცა მესაკუთრის მიერ მოხდა ტერასის კედლის ზომების გაზრდა, რომლის დემონტაჟიც უკვე დაწყებულია.
აღნიშნულის შესახებ გუშინ, საინიციატივო ჯგუფ "დაიცავი ბათუმის" წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა. ზეინაბ დიასამიძე ამბობდა, რომ სახლს რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს 2 სართულს აშენებენ.
აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა ზეინაბ დიასამიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ საზოგადოების გამოხმაურების შემდეგ მიიღო.
"ვიდრე გამოხმაურება არ მოჰყვა სოციალურს ქსელში და საზოგადოებაში, მანამდე ამბავს სააგენტოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. გუშინდელი სოციალური კამპანიის შემდეგ მიხვდნენ, რომ შეირყა ყველაფერი. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ სააგენტოს მიღმა უკანონოდ გაკეთდა ეს", - აცხადებს ზეინაბ დიასამიძე