შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “სირცხვილია”-ს ოფისში მომხდარ, ტელეკომპანია “ტვ პირველი”-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებული ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე აიყვანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
უწყების ცნობით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.