ჩვენი ფრაქცია ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს - აკაკი მინაშვილი

09 ივლისი 2021, 16:23 1204 ნახვა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" მხარს არ დაუჭერს ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე წარმოდგენილ ორ კანდიდატურას,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე  დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მინაშვილის განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელმაც აღნიშნული პოსტის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობა მიიღო, „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებლები იყვნენ.

„ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ მხარს არ დაუჭერს ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე წარმოდგენილ ორ კანდიდატურას, რადგან ისინი წლების განმავლობაში არიან ცესკო-ს თანამშრომლები და თამარ ჟვანიას, ანუ „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლები, ატარებენ იმ გაყალბების პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა. გიორგი კალანდარიშვილი პრესსპიკერის ფუნქციას ასრულებდა და ახმოვანებდა გაყალბების პოლიტიკას, ხოლო გიორგი სანტურიანი, როგორც იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „აპრავებდა“ იმ გაყალბებას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებდა. ჩვენი მსგავსი პოზიცია აქვს ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანდიდატურებს. ჩვენი ეჭვები და მოლოდინები, რომ „ქართული ოცნება“ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ფიქციისთვის, რეფორმის იმიტაციისთვის გამოიყენებდა, სამწუხაროდ გამართლდა.

ამას ადასტურებს ის, რომ ძალიან მოკლე ვადებში მოხდა კონკურსში განაცხადების შეტანა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელ ადამიანებს. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სანამ ამ ქვეყანას მართავს „ქართული ოცნება“, ვერ გატარდება ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებები. „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, სახელმწიფოს მიტაცება და მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრება“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი