საქართველოს პროკურატურამ ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილი პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული გ.ხ. ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქე ი.კ-ს და მისი მოკვლა განიზრახა. ბრალდებულმა ი.კ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილში, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. შემთხვევის ადგილზე მყოფ მოქალაქეთა დახმარებით, გ.ხ.-მ დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, ხოლო გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, პოლონეთის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა გ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულ გ.ხ.-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.