მასობრივი იმუნიზაციისთვის აჭარაში დამატებითი სივრცეები უკვე მოეწყო. მათ შორის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და საზღვაო ჰოსპიტალში.
აცრის მსურველებს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში ვერ დარეგისტრირდებიან რეგისტრაციას ადგილზე გაივლიან და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ვაქცინის გაკეთების მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. რეგიონის მასშტაბით 52 ამცრელი ჯგუფი იმუშავებს. პირველ ეტაპზე აჭარაში სინოფარმის 30 ათას დოზას ელოდებიან. ამ დროისთვის რეგიონში სულ 28 ათასი ადამიანია აცრილი.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე დაგეგმილია 120 ათასამდე ადამიანის ვაქცინაცია. ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კოვიდ სტატისტიკა არ განახლებულა, ამასთან „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებმა ვერ შეძლეს, რომელიც დღეს 12 საათიდან უნდა დაწყებულიყო. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა.