ბაკურიანში, კოხტაგორაზე მდებარე საბაგიროს მეხი დაეცა.
არსებული ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის შემდეგ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვების ადგილას მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა, ბაკურიანის მთის კურორტების განვითარების კომპანიის უფროსს, თაზო გამცემლიძეს, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ დაიწვა ზედა სადგურის საოპერატორო.
"სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად სრულად დაიწვა საოპერატორო და ზედა სადგურის ნაწილი დაზიანებულია. საბაგიროს მუშაობა შეფერხდება, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ამ ზაფხულში მისი აღდგენა ვერ მოესწრება. მეხის დაცემის შედეგად გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა. ბაკურიანში რამდენიმე საბაგირო ხაზი ფუნქციონირებს, დღევანდელი ინციდენტი კი აღნიშნული საბაგიროს ზედა სადგურზე მოხდა," - აცხადებს გამცემლიძე.
ფოტო: ბორჯომი TV.