ჯანდაცვის მინისტრი საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა საპატრიარქოში მიმდინარეობდა და ის რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები იყო.
"ორივე მხრიდან იქნა გამოთქმული კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მიდის პროცესი. საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, რომ უნდა მოხდეს დეინსტიტუციონალიზაცია და ბავშვები უნდა დაბრუნდნენ თავის ბიოლოგიურ ოჯახებში, თუ ეს არ მოხერხდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში და ბოლო ვარიანტი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები.
სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში. ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა დამსწრე პირმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. შემდგომში გაგრძელდება ეს თანამშრომლობა იმისათვის, რომ ბავშვთა სახლები იყოს იმ სახის და იმ სტანდარტის როგორსაც ამას გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები.
დახურვაზე და კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ არის. პირიქით საუბარი იყო იმაზე, რომ არაფრით შეიძლება ამ პროცესების ხელოვნურად დაჩქარება. ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს ეს და არავინ არავის დააძალებს სადმე წასვლას ან უკან დაბრუნებას.
ერთგვარად შეფასდა პროცესები და ითქვა ისიც, რომ მეუფე იაკობი ძალიან ეფექტურად შეუდგა საქმეს"-განაცხადა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეხვედრას ესწრებოდა მეუფე შიო, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ასევე Unicef-ის წარმომადგენელი.
„ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც ბოლო დღეებშია. ამასთან, გრძელდება იქ, ამ დრომდე მყოფი ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგი. ჩვენ ახლა ვხედავთ გამჭვირვალობის დონეს. ეს ძალიან კარგი და საჭიროა. ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯები იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ ბავშვების კეთილდღეობაზე ყურადღება კვლავ შენარჩუნებულია“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.