ურეკში, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, დაკავებული პირების ახლობლები აქციას მართავენ

28 ივნისი 2021, 14:22 1232 ნახვა

ურეკში, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, დაკავებული 13 პირის ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები ურეკის პოლიციის სამმართველოსთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციას მართავენ, დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ისინი უსამართლოდ არიან დაკავებულები.

"გადაკვალიფიცირდეს მუხლი, გამოძიება მიდის ძალადობის მუხლით, რაც 7 დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას, ვიმოქმედებთ ამის შესაბამისად. არ არის გამორიცხული, რომ გადავკეტოთ ცენტრალური მაგისტრალი და რკინიგზა"- აცხადებს აქციის მონაწილე.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პოლიციის სამმართველოსთან ცოცხალი ჯაჭვიც შეკრეს.

ისინი ითხოვენ პოლიციის სამმართველოდან ამოიღონ დაკავებულების ძალადობისა და წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მათი ვარაუდით  პოლიციელბმა გაანადგურეს.

 მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

27 ივნისს, სასამართლომ ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის  ურეკში 1988  წელს დაბადებული დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან დაკავებულის ნაცნობები შეიკრიბნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი