"აჭარა ტექსტილის" 20-მდე თანამშრომელი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს

25 ივნისი 2021, 19:16 6407 ნახვა

ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილიდან" 20-მდე პირი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკა "ლაზიკამედში" გადაიყვანეს. მათ კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

სავარაუდოდ, ინტოქსიკაცია საკვებმა გამოიწვია, რომელსაც დასაქმებულები საწარმოში ღებულობდნენ.

აჭარა ტექსტილის ფოთის ფილიალის დირექტორი, გია ლომინაძე, პერსონალის საკვებით მოწამვლის ფაქტს ადასტურებს. თუმცა, რა გახდა ამის მიზეზი, მისთვის უცნობია.

"კომპანიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ჩვენი დასაქმებულების საკვებით უზრუნველყოფა. დაქირავებულ კომპანიასთან გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა და გვაწვდის საკვებს. დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და შესაბამისი სამსახურების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გახდა "აჭარა ტექსტილის", ფოთის ფილიალში მომხდარი ინციდენტის მიზეზი" - აცხადებს ლომინაძე.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 16 პაციენტი კლინიკა "ლაზიკა მედიშია“ გადაყვანილი, ხოლო სამმა პაციენტმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

"სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილში“ მისულ სასწრაფოს ეკიპაჟებს თანამშრომელთა ნაწილი შეუძლოდ დახვდა. ადგილზე სამედიცინო 19 პაციენტს გაეწია მომსახურება. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ინტოქსიკაციის ნიშნებით 16 პაციენტი კლინიკა „ლაზიკა მედიშია“ გადაყვანილი, ხოლო სამმა პაციენტმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა“, - აცხადებენ უწყებაში.

"აჭარა ტექსტილში" თანამშრომელთა მოწამვლასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფაბრიკაში იმყოფებიან სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი