შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე მუშაობენ. ვახტანგ გომელაურის თქმით, პროცესში ჩართულები არიან პარტნიორი ორგანიზაციებიც.
''მე ხშირად ვხდები კრიტიკის მსხვერპლი. საკითხზე ვერ ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში ნამდვილად გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო. მე შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩართო ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ზაზას გახელაძის გათავისუფლებისთვის.
ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, ზაზას გაათავისუფლებენ და ის ოჯახს მალე დაუბრუნდება. ბოდიშს ვიხდი დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. შეიძლება ამან მოლაპარაკება დააზიანოს და ჩაშალოს.
საპატრიარქოც ჩართულია, მთავრობაც, ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორები და სახელმწიფოები'' - განაცხადა გომელაურმა.
ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის ოჯახი დღეს აქციას მართავს. ისინი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
ზაზა გახელაძე დღეს 34 წლის გახდა.