კულტურის სამინისტრომ ხუთი კონკურსი გამოაცხადა

21 ივნისი 2021, 12:26 882 ნახვა

კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხუთ კონკურსს აცხადებს.

1. „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.

კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 700 000 ლარს და მისი მიზანია: რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა​. ქართველ ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და რეგიონებში საგასტროლო ხარჯებით უზრუნველყოფა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს.

2. „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“.

კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს პროფესიულ თეატრებში შემოქმედებითი ძიებების გააქტიურება; ახალი ფორმების, გამომსახველობითი ხერხებისა და საშუალებების, ხელოვანთა ახალი სახელების წარმოჩენა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა.

3. „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯებით“.

კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს და მისი მიზანია საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი 30-მდე პროფესიული თეატრის მდგრადობისა და მათში შემოქმედებითი პროცესის წახალისების უზრუნველყოფა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ პროფესიულ თეატრებს.

4.„დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“.

კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 200 000 ლარს და მისი მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის თეატრალური ხელოვნების ხელმისაწვდომობა; დედაქალაქის პროფესიული თეატრების რეგიონებში გასტროლების ხელშეწყობა და ადგილობრივ მოსახლეობაში თეატრისადმი ინტერესის გაზრდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დედაქალაქის პროფესიულ თეატრებს განურჩევლად სამართლებრივი სტატუსისა.

5. „ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან“.

კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 90 000 ლარს და მისი მიზანია რეგიონებში კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და კულტურის სფეროში თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის უზრუნველყოფა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს.

სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო განაცხადები მიიღება 21 ივნისიდან 30 ივნისის 12:00 საათამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი