სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო

16 ივნისი 2021, 23:06 1206 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო,- ამის შესახებ  ინფორმაციას ბრალდებულის ადვოკატი, დავით ჯანდიერი ავრცელებს.

"ჩემს მიერ მომზადებული კიდევ ერთი საჩივრის კომუნიკაცია დაიწყო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ყველასთვის ცნობილ და გახმაურებულ გიორგი მამალაძის საქმეზე. საჩივრიდან გამომდინარე, სასამართლოს ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული.

მომჩივნის ოჯახის თხოვნით, ხვალ შევხვდები მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 12 საათზე, რის შემდეგად გავაკეთებ მედიისთვის კომენტარს. მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას.

დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ევროპული სასამართლოს გარდა ჩვენ ორისთვის იყო აქამდე ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნებოდა. ხვალ შესაძლებლობა მექნება ინფორმაცია მოგაწოდოთ, ასევე იხილოთ სასამართლოს ვებ გვერდზე", - წერს ჯანდიერი სოციალურ ქსელში.

გიორგი მამალაძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2019 წლის 31 იანვარს გაიგზავნა.  

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში