აქტივისტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფურცლები გადმოყარეს წარწერით - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში" 

11 ივნისი 2021, 13:27 1222 ნახვა

სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პროტესტის ნიშნად, ფურცლები დაყარეს წარწერით - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?''

მათ განაცხადეს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მიმდინარე პროცესების გასაპროტესტებლად 13 ივნისს პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. 

აქტივისტები დაცვის წევრებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

''ჩვენი მიზანი არის, რომ პარლამენტის დეპუტატებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ და მოვთხოვოთ პასუხი, რომ ისინი არიან პასუხისმგებლები იმაზე, თუ რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში, სადაც დღემდე გამომწყვდეული ჰყავთ ბავშვები. დღემდე სახელმწიფო ქმედუუნაროა. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ძალადობის არაერთი ფაქტი იქნებოდა თუ სხვა ისეთი შემთხვევები, რომელიც ბავშვებისთვის დამაზიანებელია, ამ მომენტამდე სახელმწიფოდ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

პერფორმანსის დროს, სიტყვით ''ქართული ოცნების'' დეპუტატი გამოდიოდა. "უკაცრავად, გავაგრძელოთ სხდომა. რა უცნაური პერფორმანსი იყო რაღაც", - თქვა გია ვოლსკიმ. 

პლენარული სხდომა არ შეწყვეტილა და შეფერხების გარეშე გაგრძელდა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში