აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით პარმენ ჯალაღონია აირჩიეს

11 ივნისი 2021, 12:49 2142 ნახვა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით, პარმენ ჯალაღონია აირჩიეს. კენჭისყრის პროცესი უმაღლეს საბჭოში ცოტა ხნის წინ გაიმართა. კანდიდატურას მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრის პროცესში ბოიკოტის ნიშნად ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი. 

პარმენ ჯალაღონია უსკო-ს ხუთი წლის ვადით, 2026 წლამდე უხელმძღვანელებს.

აჭარის მთავრობამ უმაღლესი საარჩევნო კომისიის ორი წევრის შესარჩევად კონკურსი მაისში გამოაცხადა.  უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ კომისიის თავმჯდომარეს პარმენ ჯალაღონიას და მდივანს სოფიო კახაძეს.

სხდომის დაწყებისას უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენას ხმაური მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ჯალაღონიას არჩევნების გაყალბებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის და მის მიმართ არსებობს ლეგიტიმური კითხვები. ამიტომ, ისინი კენჭისყრამდე კანდიდატთან გასაუბრებას და კითხვების დასმას ითხოვდნენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ პარმენ ჯალაღონიას საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა შეკითხვები ორი თვის წინ დაუსვეს. მაშინ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და სხდომებს არ ესწრებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი