ყოფილი ლექტორი ვაჟა ანანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ - სასამართლო პროცესი 

02 ივნისი 2021, 12:17 1928 ნახვა

საქალაქო სასამართლო ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის საქმეს განიხილავს. ვაჟა ანანიძე გასული წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს. ის სამსახურში აღდგენას, განაცდურის მიღებას და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც აკადემიიდან გაუშვეს. ანანიძის ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' იურისტი იცავს. 

საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს. არგუმენტად, საზღვაო აკადემიაში, დღეს დაგეგმილი საქართველოს განათლების განვითარების საბჭოს სხდომა დაასახელეს, რომელზეც უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს განიხილავდნენ. 

დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი უკვე ჩანიშნული იყო, შესაბამისად საქმე არ უნდა გადაიდოს. 

მოსამართლე როინ კახიძის განმარტებით, სასამართლო პროცესი პრიორიტეტული უნდა იყოს, მით უფრო, როცა სხდომების დრო ერთმანეთს არ ემთხვევა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. 

საბჭოს სხდომა უნივერსიტეტში 14 საათზეა ჩანიშნული. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' იურისტმა ანა ბერძენიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ საქმეში არის ბევრი დოკუმენტი, რომელიც დამატებით განმარტებას საჭიროებს. 

''ვიდრე ვაჟა ანანიძისთვის დაწერილი თითოეული ლაიქისთვის, საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს გათავისუფლებით ემუქრება ვერაფერს მივაღწევთ. საქმეში არის გათავისუფლების ერთ-ერთ დოკუმენტად სტუდენტების წერილი, სადაც ისინი ლექტორის შეცვლას ითხოვდნენ იმის გამო, რომ ვაჟა ანანიძესთან ვერ მიიღეს ქულები.  სტუდენტები სისტემატურად აცდენდნენ ლექციებს და ლექტორი მათ  ქულებს არ უწერდა. 

საქმეში ასევე ვკითხულობთ, რომ ვაჟა ანანიძემ სტუდენტი აატირა. იცით რატომ იტირა იმ სტუდენტმა? ლექტორმა უთხრა, რომ თუ თქვენ მთელი წელი არაფერს ისწავლით, გამოდის თქვენი მშობლები არაფერში იხდიან ფულსო" - თქვა სხდომაზე ანა ბერძენიშვილმა. 

დაცვის მხარის იურისტის განმარტებით, ვაჟა ანანიძეს მის მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდეს. მათივე განმარტებით, თუ სხვა ლექტორების მისამართით არაკეთილსინდისიერების ეჭვი ჩნდება, ეს უნდა დასაბუთდეს, ანანიძე კი სხვებს ფაქტების გარეშე, პირადი შეფასებით სდებდა ბრალს.

რაც შეეხება საჩივარს, რომლითაც ანანიძე კოლეგებს პლაგიატში სდებს ბრალს, იურისტმა განაცხადა, რომ აღნიშნული საჩივარი დაგვიანებით წარადგინა და თუ ვაჟა ანანიძე ამის შესახებ ფაქტები ჰქონდა ადმინისტრაციისთვის დროულად უნდა ეცნობებინა. 

სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. 

საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორი სასწავლებლის ხელმძღვანელ პირებს უსამართლო დევნასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ვაჟა ანანიძე ამბობს, რომ რექტორი, ხარისხის სამსახურის უფროსი და  სხვა აკადემიური პერსონალი პლაგიატში ამხილა, რის გამოც ივნისში სამსახურიდან გაათავისუფლეს. საზღვაო აკადემიის ინფორმაციით კი გათავისუფლებას საფუძვლად დაედო დისციპლინური საქმისწარმოება, რომელიც 2020 წლის 25 მაისს დაიწყო.

 პროფესორი სხვადასხვა სახელწიფო უწყებასთან ერთკაციან აქციებს პერიოდულად მართავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი