საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს 

26 მაისი 2021, 11:35 967 ნახვა

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. 247 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. 

თბილისის პარალელურად, ფიცის დადების ცერემონიალი კიდევ 5 ლოკაციაზე: სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მცხეთაში გაიმართა.

სვანეთში - უშბას და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში - პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში - ფარავნის ტბასთან, კახეთში - ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში.

სამხედრო ფიცის დადება რეკრუტებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა.

"მინდა ეს დღე მოგილოცოთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად ემსახუროთ სამშობლოს. მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი. უნდა გვახსოვდეს მისი სიტყვები და რა თვისებებს ითხოვდა ის ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისკაცებისგან. სწორედ ასეთი თვისებები გამოავლინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დამოუკიდებლობის მძიმე 30 წლის განმავლობაში. ყველა ბრძოლაში, ომსა თუ სამშვიდობო მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს და ყველგან ასახელეს ქვეყანა. საერთაშორისო მისია ავღანეთში მალე დასრულდება და მინდა, სახელმწიფოს სახელით ყველა იქ მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გამოვუცხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას დღეს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად, ავღანეთის მისიიდან, ერთი კვირის წინ, დაბრუნებული ჯარისკაცებიც ესწრებიან. სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, შეკრებილი მოქალაქეები წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში