ბონდო თედორაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

19 მაისი 2021, 11:49 953 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბონდო თედორაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

თედორაძის განმარტებით, სამინისტრო მილიონობით ლარს ხარჯავს არამიზნობრივ პროექტებში, რომლის განხორციელების აუცილებლობა პანდემიის პირობებში არ არსებობს.

"აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი პანდემიის დროს, როცა მოსახლეობას უკიდურესად უჭირს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავს არამიზნობრივ პროექტებში. რომლის განხორციელების აუცილებლობა დღეს ჩვენ არ გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ საჯარო მოხელეები ჩვენ გამუდმებით გვატყუებენ. ერთის მხრივ გვესაუბრებიან ეკონომიკურ კრიზისზე, მაგრამ მეორეს მხრივ დონორებიდან აღებული ვალებით ისინი აფინანსებენ ისეთ პროექტებს, რომლისგანაც ისევ კორუფციის და ატკატის სახით იბრუნებენ უკან ასი ათასობით ლარს. 

ამ შენობაში 300 000 ლარს დახარჯავენ სართულებზე ინტერნეტის ქსელის მოწყობისთვის და ისმის კითხვა ჯაბა ფუტკარაძე რას ვერ აკეთებდა შარშან და შარშან წინ იმაზე უკეთესად ვიდრე დღეს და პანდემიის დროს რატომ იხარჯება აქ ინტერნეტისთვის ასი ათასობით ლარი.

 

შუახევში სკვერის მოსაწყობად პროექტისთვის იხდიან 400 000 ლარამდე, რაც ასევე არამიზნობრივია, რადგან ამ თანხით მათ შეუძლიათ მიმართონ იმ პრობლემების გადასაჭრელად რომლის წინაშეც მოსახლეობა დგას"-განაცხადა ბონდო თედორაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო მოსახლეობასთან ერთად, მათივე საჭიროების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან, არაერთ მასშტაბურ და ისტორიულ პროექტს ახორციელებს.

"ყველა მიმდინარე და დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაციას ჩვენი მოქალაქეები დეტალურად ფლობენ.  ბოლო წლებში დანერგილი აჭარის პროგრამული ბიუჯეტის შედგენა, პირველად, სწორედ ჩვენი მოსახლეობის ჩართულობით ხდება.

 

აღნიშნული სუბიექტების არჩევანია პოპულიზმის და სიცრუის ტირაჟირება, რაზეც მათ საზოგადოებამ არა ერთხელ გასცა პასუხი. ჩვენ მათ დღის წესრიგს ვერ ავყვებით, რადგან მოსახლეობასთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და ნაწილი უკვე დავასრულეთ, მათ შორის მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, აჭარის წყლის სისტემის განვითარების პროექტი, ნარჩენების მართვის პირველი ობიექტი აჭარაში, საფეხბურთო სტადიონი, მაღალმთიანი აჭარის განვითარება და სხვა"-აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი