''სინოფარმის'' მეორე დოზის რეგისტრაციისთვის პორტალი მეორე დღეა ხარვეზებით მუშაობს

13 მაისი 2021, 10:36 1518 ნახვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პორტალი https://booking.moh.gov.ge/ მეორე დღეა შეფერხებებით მუშაობს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ საიტზე მონაცემების შეყვანას ვერ ახერხებენ. ნაწილი კი აცხადებს, რომ დიდი მცდელობის შემდეგ რეგისტრაციის გავლა მოახერხეს. ამისთვის კი რამდენიმე წუთის ნაცვლად, ნახევარი საათი დასჭირდათ. 

''ჯავშანი მქონდა გაკეთებული თბილისში 14 მაისს, ვაქცინა ბათუმში გავიკეთე ათი დღის წინ, მითხრეს, რომ ჯავშანს გააუქმებდნენ, თუმცა დღეს სისტემა ისევ მიწერს, რომ ჯერ პირველი დოზაც არ გამიკეთებია, ამიტომ რეგისტრაციას ვერ ვახერხებ'' -  გვიყვება ერთ-ერთი მოქალაქე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პრობლემის შესახებ იციან და მუშაობენ. ტექნიკური ხარვეზი ნაწილობრივ აღმოიფხვრა, თუმცა ბოლომდე არ გამოსწორებულა. 

„სინოფარმის“ ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას კი მოქალაქეები ირჩევენ სურვილისამებრ.

12 მაისიდან შეჩერდა „სინოფარმის" ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი