ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინის საქმეში ორგანიზაცია "საფარი" ერთვება

28 აპრილი 2021, 17:01 1183 ნახვა

14 წლის ნინის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე "საფარი" პროკურატურას მიმართავს და დაზარალებულის უფლებამონაცვლის შეცვლას ითხოვს​. რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მოზარდის დამ, უარი თქვა საქმეში მისი ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ყოფილიყო.

"საფარის" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნის და, თამარ ცეცხლაძე ზეწოლის მსხვერპლია. ბაია პატარაია მიმართავს პროკურატურას, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს მოზარდის დედას, რის შემდეგაც ორგანიზაციას საშუალება ექნება საქმეში ჩაერთოს. 

''თამარ ცეცხლაძეზე ზეწოლა შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც ოჯახის წევრების, ასევე ნათესავების მხრიდან. ამ საქმეში მხოლოდ სექსუალური მოძალადის პრობლემა არ არის, პრობლემაა ბაბუა, ბიძა. პრობლემა აქვს სკოლას, რომელმაც იცოდა ამბავი და საკუთარი ფუნქცია სათანადოდ ვერ შეასრულა. ბევრი ფიგურანტია საქმით დაინტერესებული, რომლებსაც სურთ, რომ ეს საქმე ''ჩაიფარცხოს'' და შედეგის გარეშე დასრულდეს. ასეთი მოულოდნელი წყვეტა და არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოშორება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ვეღარ გაიგებს როგორ მიმდინარეობს პროცესები'' - განაცხადა პრესკონფერენციაზე ბაია პატარაიამ. 

14 წლის ნინი ქობულეთში, 9 თებერვალს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე ორი პირია დაკავებული, 23 წლის კაცი და გარდაცვლილის ბაბუა.

23 წლის ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით, 115-ე და 140-ე მუხლებით. კაცს გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. 

რაც შეეხება გარდაცვლილის ბაბუას, მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი