შარლ მიშელმა ხელისუფლებას და ოპოზიციას ახალი 5 პუნქტიანი დოკუმენტი შესთავაზა

18 აპრილი 2021, 21:33 1403 ნახვა

შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ახალი 5 პუნქტიანი წინადადება შესთავაზა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით, ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, პოლიტპატიმრებად აღქმული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ.

შეთავაზებული ახალი წინადადება ასეთია:


პირველი თავი: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება


საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.


მეორე თავი: ამბიციური საარჩევნო რეფორმა


მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.

პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან.

პარტიები მხარს დაუჭერენ 2 მარტს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით:

ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.  ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3- ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

საოლქო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3.

საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ. პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.

ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან / და პროფესიული წევრების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება:

1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3- დასჭირდება. მესამე მცდელობას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 დასჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (სრული შემადგენლობის ხმების 2/3-ზე ნაკლები) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ექვსი თვით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

უნდა განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად. ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.

ცესკო-ს უფლებამოსილების ქვეშ შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვის პროცესისითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად. შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა გადათვლის პროცესში ჩართვა.

ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნის შესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორ კანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.


მესამე თავი: კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა


ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:
ა) კიდევ უფრო გაზარდოს გამჭვირვალობა და დანიშვნისთვის აუცილებელი კრიტერიუმების საფუძვლები.
ბ) პარლამენტს წარუდგინოს კანონმდებლობის პროექტი უზენაეს სასმართლოში დანიშვნის შესახებ;
გ) თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში დანიშვნისგან არსებული წესების შესაბამისად;
დ) მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას;
შეჩერდეს უზენაესი სასამართლოსთან დაკავშირებით ყველა მიმდინარე დანიშვნები.
გატარდეს იუსტიციის საბჭოს არსებითი რეფორმა.
ღია გახდეს თანამდებობებზე დანიშვნების, დაწინაურებების კრიტერიუმები უმაღლეს თანამდებობებზე;
სრულად იქნას გათვალისწინებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციები აღნიშნულ პროცესებში.
გაისაზღვროს გენერალური პროკურორების დანიშნვნა საეთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
დანიშნვნის პროცედურული ფორმები:

1. პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება.

2. ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან.

3. არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.


მეოთხე თავი: ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში


ძალთა გადანაწილება პარლამენტში:
ოპოზიციონერ დეპუტატებს ენიჭებათ 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა, რომელთაგან 2 მათგანი იქნება შემდეგი ხუთი კომიტეტიდან:
1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
2. საკანონმდებლო საკითხთა კომიტეტი
3. ადამიანის უფლებათა კომიტეტი
4. ბიუჯეტისა და ფინანტა კომიტეტი
5. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.

სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D’Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება]

პარტიები იზრუნებენ "ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატის შექმნაზე ევროპარლამენტთან.


მეხუთე თავი: მომავალი არჩევნები


"ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (…) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება.“

პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.

ვადები: მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმების ხელმოწერისთანავე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი