თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
დავით კოდუას საქმის პროკურორის თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, კოდუამ ოჯახის ორი წევრის მიმართ იძალადა, რისი საფუძველიც ურთიერთშელაპარაკება გახდა, თავდაპირველად, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.
ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაძაბულობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დავით კოდუას ბრალი 13აპრილს წარუდგინა.