მთავარი უცხოეთში

29 მარტი 2021, 20:01 1306 ნახვა

საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციის ემნისტი ინტერნეიშენლის  ახალი გენერალური მდივანი გაეროს ყოფილი სპეციალური მომხსენებელი აგნეს კალამარდი გახდა.  იგი  საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგისა და  ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის  მკვლელობებს იძიებდა.  ფრანგი უფლებადამცველი გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.   მან ამ პოსტზე ჯული ვერჰაარი შეცვალა.

სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა მოზამბიკის ქალაქ პალმაში ტერორისტული აქტის შედეგად. დაღუპულთა შორის 7 უცხოელია.  ისლამისტური დაჯგუფების ბოევიკები თავს დაესხნენ   პროვინციულ ქალაქს, საიდანაც  ადგილობრივები ტყეში გაიხიზნენ,  ჩინოვნიკებმა და უცხოელებმა სასტუმრო ამარულას შეაფარეს თავი. სასტუმროში მყოფი 180 ადამიანი სამი დღე-ღამე ევაკუაციას ელოდა. ხელისუფლების მიერ გაგზავნილ სატრანსპორტო საშუალებებს ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. სასტუმროში მყოფი ასამდე ადამიანი ზღვამდე ფეხით მივიდა, ისინი ნავებით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.  ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგფება- ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

მოლდოვის სოციალისტური პარტია ვარაუდობს, რომ  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მორალურ და ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს, ამიტომაც არ აპირებს დაუშვას   საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა- აცხადებს ექს-პრეზიდენტი სოციალისტების ლიდერი იგორ დოდონი.  მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საკონსტიტუციო სასამართლოს  პარლამენტის დათხოვნის  და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის  შესახებ მისი უფლების დადასტურების თხოვნით მიმართა.  თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს პრეზიდენტის მიმართვას, მაშინ რესპუბლიკის მეთაურს შესაბამისი ბრძანების გამოცემა შეუძლია.  დოდონის თქმით,  პრეზიდენტი უპასუხისმგებლოდ იქცევა, როცა ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სჭირდება, იგი დაჟინებით მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს.

კონტეინერმზიდის ''ევერ გრინის'' მფლობელმა იაპონურმა კომპანიამ დაადასტურა სუეცის არხში გემის მეჩეჩიდან მოხსნა და ოპერაციის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა, მათ შორის სუეცის  არხის ადმინისტრაციასაც.  400 მეტრი სიგრძისა და  224 ათასი ტონა ტვირთამწეობის კონტეინერმზიდი გასულ კვირას ჩინეთიდან როტერდამისკენ მიემართებოდა.  სუეცის არხის 151-ე კილომეტრზე გიგანტური კონტეინერმზიდი მეჩეჩზე შეჯდა და    არხში  რამდენიმე დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა დაბლოკა.

უკრაინის რადის დეპუტატი  პრეზიდენტის პარტიიდან „ხალხის მსახური “  დიმიტრი  გურინი  იმ მოქალაქეთა უფლებების ნაწილობრივი შეზღუდვის ინიციატივით გამოდის, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე არა სამედიცინო უკუჩვენებების გამო.  25 მარტს გამოქვეყნებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ  ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს არ სურს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აიცრას. გურინის აზრით,  ვინც  უარს იტყვის აცრაზე , უნდა აეკრძალოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში - კაფესა და რესტორნებში, უმაღლეს სასწავლებელში, თეატრში, სპორტულ და სხვა ღონისძიებაზე ყოფნა.  მანამდე დეპუტატმა იმ ექიმების სამსახურიდან დათხოვნა  მოითხოვა,  რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე.   უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მაქსიმ სტეპანოვის მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი თქვა მედიკოსების 60 პროცენტმა,  რომლებიც უშუალოდ ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი