ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებით დაიწყო მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გატარებული რეფორმები და პროგრესი, რომელსაც მისი თქმით, ქვეყანამ მიაღწია ყველა აღიარებს. მას შემდეგ რაც ბრიუსელში გამართული მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი დაასრულა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გააკეთა კიდევ ერთი განცხადება. მან ჟოზეფ ბორელის მიერ გაკეთებული განმარტება გაიხსენა და თქვა, რომ ახლა არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის. ამიტომ ოპოზიციას მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. ბრიუსელში გამართული შეხვედრები შეაჯამა საგარეო საქმეთა მინისტრმაც. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც მინისტრის განმარტებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში მიღებული მსგავსი დოკუმენტებისგან განსხვავდება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა ქვეყანაში დაწყებული ვაქცინაციის პროცესზეც და განაცხადა, რომ ექიმების შემდეგ მალე იმუნიზაციის პროცესში მოსახლეობაც ჩაერთვება. დღესვე დაამტკიცეს განკარგულება, რომლის მიხედვითაც იგეგმება 300-მდე სოფლის ამბულატორიისთვის სამედიცინო მოწყობილობების შეძენა.