სამართალდამცველებმა გოგი წულაია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
გოგი წულაია პოლიციამ, სავარაუდოდ, თბილისში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგი წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს"-აცხადებენ შსს-ში.
გოგი წულაია პოლიტიკაშია 2004 წლიდან, ის მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი და ბოლოს კახა კუკავას პარტიის, "თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.