დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

11 მარტი 2021, 10:15 3529 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს, სააგენტოს ცნობით, 11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, 12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება. 13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში