აჭარის განათლების მინისტრი ბულვარში "ამბასადორის" მშენებლობას არ აჩერებს - უარი მესამე სექტორის მოთხოვნას

09 მარტი 2021, 13:47 1666 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტრომ ,,საზოგადოება ბათომის“ და EMC-ის მოთხოვნა, რომლითაც ბულვარში სასტუმრო "ამბასადორის" მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას ასაჩივრებენ და მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვდნენ არ დააკმაყოფილა.

საინიციატივო ჯგუფის "დაიცავი ძველი ბულვარის" წევრი ზეინაბ დიასამიძე აჭარის მაუწყებელთან საუბრისას აცხადებს, რომ უარის შესახებ სამინისტროდან დღეს შეატყობინეს.

მისივე განცხადებით, მინისტრი ბულვარში 16 სართულიანი შენობის მშენებლობას არ აჩერებს, მაგრამ დაპირდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარს შეისწავლის. 

"პარასკევამდე გვქონდა სამინისტროსთვის ვადა მიცემული. ხანგრძლივი ჭმუნვისა და ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენს მოთხოვნას, დავის საბოლოო განხილვამდე ბულვარში სამშენებლო სამუშაოები შეეჩერებინა, უარით უპასუხა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით იმ ხალხთან ერთად ვისაც გული შესტკივა ამ ქალაქზე. არ მივცემთ ხელისუფლებას და კომპანიას მსგავსი უკანონო ქმედებების განხორციელების საშუალებას.

ორგანიზაციაში შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებითაც" - განაცხადა ზეინაბ დისამიძემ.

 ,,საზოგადოება ბათომმა“ და EMC ბულვარში "ამბასადორის" მშენებლობაზე გაცემულ ნებართვასთან დაკავშირებით სამინსიტროს 26 თებერვალს მიმართა. ისინი დაუყოვნებლივ მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ, იმისათვის, რომ არ გაგრძელებულიყო ძეგლის ხელყოფა.

აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრძანებას საფუძვლად სამართლებრივი გარემოებები დაედო. უწყების ცნობით, მიმდინარე სამუშაოების შეჩერება გამოიწვევდა ''ამბასადორი ბათუმისათვის'' მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, რომლის ანაზღაურების უზრუნველყოფის მექანიზმი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა.

''წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე ცალსახად იქნა დადგენილი, რომ შპს ,,ამბასადორი ბათუმმა“, რომელსაც გააჩნდა კანონიერი ნდობა აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ, მათ საფუძველზე განახორციელა სამართლებრივი და ფინანსური ხასიათი მოქმედებები და  აქტის მოქმედების შეჩერება მიაყენებდა მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს.

ზიანი გამოიხატებოდა შემდეგში: სამუშაოების შეჩერების შემთხვევაში, შპს ,,ანაგი“ უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა შპს ,,ამბასადორი ბათუმთან“ დადებული ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შპს ,,ამბასადორი ბათუმს“ ეკისრებოდა როგორც მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხა, ასევე ჯარიმა. ამასთანავე, შეწყდებოდა შრომითი ხელშეკრულებები დაქირავებულ პერსონალთან, რაც გამოიწვევდა პანდემიის პირობებში არსებული სოციალური ფონის დამძიმებას პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისათვის.

წარმოდგენილი მასალებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ შპს ,,ამბასადორი ბათუმის“ მიერ მიღებული ნებართვის საფუძველზე, განხორციელდა მასშტაბური ხასიათის ფინანსური ოპერაციები და შესრულდა მოცულობითი სამუშაოები, რის შედეგადაც უფლებააღმჭურველი აქტი გარკვეულ ნაწილში აღსრულდა, ხოლო დარჩენილი, მიმდინარე სამუშაოების შეჩერება გამოიწვევდა მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, რომლის ანაზღაურების უზრუნველყოფის მექანიზმი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა. საპირწონედ არსებობდა მხოლოდ საჩივრის განხილვამდე აქტის შეჩერების მოთხოვნა.  როგორც წესი, აქტის შეჩერების მიზანია, აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში არ გართულდეს მისი აღსრულება. აქედან გამომდინარე, წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, მისი აღსრულებით, უპირველესად აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოა დაინტერესებული და ის გარემოება, რომ საჩივრის განხილვის ეტაპზე არ იყო შეჩერებული სადავო აქტი, არ წარმოადგენს სამართლებრივ დაბრკოლებას საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისით.

შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, მიეღო ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება'' - წერია სამინისტროს პასუხში. 

ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან. ისინი რამდენიმე თვეა ბულვარში ,,ამბასადორის'' მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს მართავენ.

აქციის მონაწილეებმა "ბულვარის გადასარჩენად" პეტიციაც შეიმუშავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი