არ მივცემთ "ქართულ ოცნებას" იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს - ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

08 მარტი 2021, 14:18 1122 ნახვა

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრა დასრულდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულებისას განაცხადეს, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის შესაძლებლობას არ მისცემენ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე. ამიტომ გვინდა მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან, რაუნდები - თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.  ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციური ერთობა არის იმავე პლატფორმაზე, რომელზეც იყო, მიუხედავად მცირე განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პარტიებს ჰქონდეთ, არაფერი ემუქრება ოპოზიციური ერთობას.

„თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რაიმე კონკრეტული წინადადებით ვადამდელ არჩევნებთან და პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების, ნიკა მელიას საკითხით, მაშინ 20 მარტს ვაპირებთ დიდ აქციას და ეს იქნება პასუხი საქართველოს მოქალაქეების ხელისუფლებისადმი, რომელიც არის თავგასული კრიმინალური აქტის დამგეგმავი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიცია ერთიანია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩასაშლელად.

,,ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლისთვის, რადგან მთავარია შედეგი, ჩვენი საზოგადოება ჩვენგან ელოდება შედეგს. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება არის ვადამდელი არჩევნები. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლისთვის, ამ საკითხში ყველა პარტია ერთიანია. სასურველია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არა მარტო მოლაპარაკების პროცესში, საერთოდ არ იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ იმ რელობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, აუცილებელია კრიზისიდან გამოსვლის გზის პოვნა" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"ლელოს" წევრის საბა ბუაძის განცხადებით,  პროკურატურამ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

„ჩვენი პოზიცია იგივეა. ჩვენ დღეს შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება მოთხოვნით, რომ გამოძიებული იქნას შოკისმომგვრელი ძალადობის ეპიზოდები, ჩვენი პოზიცია გაცხადებული გვაქვს ღარიბაშვილთან მიმართებაში და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ღარიბაშვილს და ასეთ საშიშ კრიმინალურ ეპიზოდებში შესაძლო გარეულ ადამიანებს ნუ აქცევენ მოლაპარაკებისთვის საფრთხის შემცველ ფაქტორად და განხეთქილების ვაშლად. „ლელოს“ პოზიცია რჩება იგივე, ჩვენ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ"- აცხადებს საბა ბუაძე.

"რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება, რისთვისაც ოპოზიცია მზად არის.

„ყველა პარტია, ვინც ამ ფორმატში ვართ, მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. რაც შეეხება როგორ და რა ფორმატით, ეს ტაქტიკის საკითხია, შეიძლება ვინმეს სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ არავინ აპირებს, რაიმე საბაბი მისცეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, დასახელებულია კონკრეტული ვადა 16 მარტი, სადაც უნდა ვნახოთ, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა“, - განაცხადა სამნიძემ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი