ქვეყანას აზიანებენ ადამიანები რომლებიც აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა დგანან - სოზარ სუბარი მელიას დაკავებაზე 

23 თებერვალი 2021, 10:41 102 ნახვა

 სოზარ სუბარი ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერის დაკავების საკითხს გამოეხმაურა და განცხადა, რომ საქართველოს არის ძლიერი სახელმწიფო და კანონზე მაღლა ვერავინ დადგება. 

''არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შეცვლის უფლება არავის აქვს და შინაგან საქმეთა  სამინისტრო იყო მოვალე ეს გადაწყვეტილება  შეესრულებინა. ეს აღასრულეს ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე და ვუხდი მადლობას გომელაურს და თითოეულ  პოლიციელს, რომლებიც ამ დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. იმის გამო, რომ ეს ოპერაცია შეასრულეს ძალიან მაღალ დონეზე.

ქვეყანას აზიანებს და სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის, როდესაც არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა დგანან. ეს არ მოხდება. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო დაღუპა იმან, რომ ქვეყანაში იყო მეხუთე კოლონა, რომელიც კანონს არ ემორჩილებოდა. შემოვიდა წითელი არმია და ამან დაღუპა ქვეყანა. დღეს საქართველო არის ძლიერი და იგივე ვერ განმეორდება'' - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

დავით სერგეენკოს განცხადებით, მმართველი ძალა ყოველთვის პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. 

''ის მოვლენები, რაც დღეს დილით განვითარდა, პირობითად სამი ნაწილისგან შედგება. ეს არის სამართლებრივი, პოლიტიკური და საინფორმაციო. ჩემი აზრით ბოლო ორი ფაქტორი ჭარბად არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ და სასამართლომ მაქსიმალურად სწრაფად გააკეთოს აქცენტირება სამართლებრივზე და მალე მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დანარჩენი ორი პუნქტი იყოს შემცირებული. აქცენტი გაკეთდეს სამართლებრივ ნაწილზე, რაც არ უნდა პოლიტიკური სარჩული ქონდეს ამას'' - განაცხადა სერგეენკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში