ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის და უკრაინის 2 მოქალაქის პროცესი მიმდინარეობს

10 თებერვალი 2021, 14:05 834 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინის და უკრაინის ორი მოქალაქის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

"ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდების საქმე. საქართველოს ხელისუფლებას ეს სამი პირი ყავს პრაქტიკულად ტყვეობაში. ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სრულიად კანონიერად, მშვიდობიანი გავლით. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმაა. ამ საქმეში მკაფიოდ ჩანს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ირაციონალური შიშები იმისა, რომ ამ კატარღით სხვა პირის შემოყვანა მოხდებოდა საქართველოში" - განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან საპროტესტო აქციას "თავისუფლების კვარტალი" მართავს. ისინი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ და ამბობენ რომ დაკავება იყო უსაფუძვლო.

მათი განცხადებით სამართალდამცავებს ეგონათ რომ მათთან ერთად გემზე იმყოფებოდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და იძულებულები გახდნენ სამივე პირი დაეკავებიათ.

"გვაქვს მოლოდინი, რომ დღეს ეს ადამიანები დატოვებენ საპყრობილეს სადაც უკანონოდ იმყოფებიან, "ქართულ ოცნებას" დაემართა ,,მიშაფობია'', ყოველთვის და ყველგან ესიზმრება მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ როცა, ჩვენს ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ ეს ადამიანები საკუთარი კატარღით და გადაადგილდებოდნენ აბსულუტურად კანონერად, იმის შიშით, რომ ისინი იცნობენ მიხეილ სააკაშვილს გადაწყვიტეს, რომ ისიც მათთან იმყოფებოდა. ამის გამო მოხდა მათი გაჩერება და აღმოჩნდნენ ქართულ საპყრობილეში. ეს არის უკანონო პატიმრობა" - განაცხადა ბონდო თედორაძე.  

28 ნოემბერს შავ ზღვაში დააკავეს სააკაშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი და უკრაინის 2 მოქალაქე. გამოძიება მათ საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადმოკვეთას ედავება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში