მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს სექტორთან შეხვედრა დასრულდა.
ბიზნესმენებმა დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ახლა პრიორიტეტულია გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სფერო მუშაობას ვერ შეძლებს.
მათივე განმარტებით, აუცილებელია ეტაპობრივად მოიხსნას ყველა ის შეზღუდვა, რომელიც უშუალოდ ბიზნეს სექტორთან არის დაკავშირებული.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი იყო კოვიდგამოწვევები. თუ რას ფიქრობს მთავრობა, როგორ იხსნება ბიზნესები დღეს და მომავალში.
„შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და ფაქტობრივად, ყოველთვიურ რეჟიმში გაიმართება ბიზნეს სექტორთან შეხვედრა. შეხვედრაზე სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პრაქტიკულ კითხვებს სვამდნენ, რომელი საათიდან რომელ საათამდე შეიძლება ემუშავათ, რამდენად შესაძლებელია, რომ შაბათ-კვირას დაიწყონ მუშაობა.
პრემიერ-მინისტრმა ჩაინიშნა კითხვები და მოწოდება იყო, რომ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გაიცემა"- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
„აიჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ დამფუძნებლის მინდია საბანაძის განცხადებით, პრემიერმა საფუძველი ჩაუყარა ყოველთვიურ შეხვედრებს.
„ მოტივირებულია მთლიანად ხელისუფლება და პრემიერი, რომ რაც შეიძლება სწრაფ რეჟიმში ამუშავდეს ეკონომიკა. ყველა ის სექტორი, რაც გაჩერებულია მათ ამუშავებაზეა საუბარი. ეს არის დამოკიდებული დადებითობის 4%-ზე. თუ ვინმეს შეეხო პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები, დამერწმუნეთ, პირველი ჩვენი კომპანიაა და გაბრაზებული ჩვენც ვართ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ პრემიერი ცდილობს, ყველაფერს აკეთებს და გვერდით გვიდგას“ – განაცხადა მინდია საბანაძემ.
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, დააკვირდებიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას და შესაძლოა თანმიმდევრობით მოხდეს დარჩენილი შეზღუდვების გაუქმება.
„ჩვენ დავაყენეთ კონკრეტული საკითხი, რომ დარჩენილ შეზღუდვებზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ. ისევ მივიღე დაპირება, რომ დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას მომავალი ორი კვირის განმავლობაში. ვისაუბრეთ პარამეტრებზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები თანდათანობით გაუქმდეს. იყო თხოვნა და ეს ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. კონკრეტულად ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ“ – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
შეხვედრაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.