ეკონომიკური პრობლემები კვლავაც უდიდესი დაბრკოლებაა, პანდემია ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა - NDI-ის კვლევა

25 იანვარი 2021, 12:08 1116 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ, დღეს, გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები (72 პროცენტი) და ამჯერად უკვე, კორონავირუსიც (16 პროცენტი) აწუხებს. მოქალაქეები მთავრობას პანდემიის ეფექტურ მართვას უწონებენ, თუმცა პანდემიის მომავალი მაინც აშფოთებთ. ისინი ლიდერებისგან, მათ შორის ახლადარჩეული პარლამენტისგან, ამ გამომწვევებთან გამკლავებას მოელიან.​

 ახალი კვლევა, წინა წლების მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ უმუშევარია, რაც 2020 წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს ემთხვევა. მაშინ ეს მაჩვენებელი შვიდი პროცენტით გაიზარდა, რაც, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენას უკავშირდება.

მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32 პროცენტმა თქვა, რომ უარესად არის, ხოლო 45 პროცენტი ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია უცვლელი დარჩა.

“უკვე წლებია, ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა წამყვან ეროვნულ პრობლემებთან მიმართებაში, როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია, პროგრესს ვერ ხედავს. ისინი ცხადად გამოხატავენ სურვილს, რომ მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა ამ პრობლემების მოგვარებაზე ერთად იზრუნონ,” - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

კვლევის თანახმად, ჯანდაცვა კიდევ ერთი ეროვნული დონის გამოწვევაა. ამ კატეგორიაში ყველაზე დიდ პრობლემებად წამლების საფასურსა (56 პროცენტი) და კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს (41 პროცენტი) ასახელებენ.

მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრს კორონავირუსი რომ დაუდგინდეთ, იციან როგორ მიიღონ სამედიცინო დახმარება (86 პროცენტი), როგორ უმკურნალონ კორონავირუსს სახლის პირობებში (77 პროცენტი) და სად გაიკეთონ ტესტი უფასოდ ან ხელმისაწვდომ ფასად (65 პროცენტი).

მოქალაქეების უმრავლესობა (60 პროცენტი) ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტურად უმკლავდება, რაც სავარაუდოდ მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობის დადებით შეფასებაზე აისახა. თუმცა, საზოგადოების 39 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის. მეტიც, მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის აცრისგან თავს შეიკავებს.

ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი