ვის რას ვუშავებთ, ქვეყანას ვუკეთებთ საშვილიშვილო საქმეს - ''ამბასადორი ბათუმის'' იურისტი 

22 იანვარი 2021, 11:38 2463 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს უმრავლესობა თანახმაა კომპანია „ამბასადორი ბათუმმა“ ძველ ბულვარში დაწყებული მშენებლობა 16 სართულამდე გაზარდოს. გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ხვალ ბათუმში საპროტესტო აქციაც იგეგმება. მოქალაქეები ბათუმის ძველ ბულვარში მრავალსართულიანი ობიექტის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. 

კომპანიის იურისტი ამბობს, რომ ,,ამბასადორი ჯგუფი'' აბსოლუტურ ჰარმონიაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. გოჩა კამკიას განცხადებით, ეს ქალაქელებისათვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი იქნება. 

იურისტის განმარტებით, ქვეყანას საშვილიშვილო საქმეს უკეთებენ და 40 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებენ. 

''ყველას აქვს სასამართლოში ჩივილის უფლება და შეუძლიათ მიმართონ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოველთვის, დაახლოებით 70-80 წლებში  იდგა შენობა-ნაგებობა, ეს არ არის ახალი მშენებლობა. ადრე არსებული ფუნქციებით მისი განვითარებაა. ნარჩუნდება ბალნეოლოგიური ფუნქციები.

ჩვენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მივმართეთ. ერთხელ საბჭომ პროექტი განიხილა და შენიშვნები გამოთქვა. შემდეგ მივმართეთ ხელოვნებათმცოდნეებს. ერთმა ხელოვნებათმცოდნემ დაწერა დასკვნა, კომპანიის მიერ მოხდა  ფაქტობრივი ექსპერტიზა და ამ შენიშვნების გათვალისწინებით ახალი პროექტი შევიმუშავეთ. ყველა ექსპერტიზა გაიარა და მას შემდეგ რაც ჰარმონიაში და სრულ შესაბამისობაში მოექცა კანონმდებლობასთან მივმართეთ სააგენტოს. 

როგორც ვიცი სააგენტოში იმსჯელეს. იყვნენ როგორც მომხრეები ასევე მოწინააღმდეგეები და მომხრეთა უპირატესობით პროექტი დაამტკიცეს. აქედან გამომდინარე ,,ამბასადორი ჯგუფი'' ახორციელებს მის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობას, რომელიც არის მისი უფლება. ამ კრიზისის პერიოდში ქვეყანაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია  ხორციელდება, სადაც დასაქმდება დაახლოებით 400 ბათუმელი. ამაზე დიდი საჯარო სიკეთე რა შეიძლება იყოს არ მესმის. 

მივმართეთ  ადმინისტრაციულ ორგანოებს, გაწეული გვაქვს დანახარჯები, ვახორციელებთ ამ მასშტაბის ინვესტიციას, რაც საერთო ინტერესში მოდის საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან და არსებულ სიტუაციასთან. ვის რას ვუშავებთ, ქვეყანას ვუკეთებთ საშვილიშვილო საქმეს'' - განაცხადა გოჩა კამკიამ. 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი ამბობს, რომ მას პროექტი მოსწონს და მხარს დაუჭერს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში