არასწორად შევსებული დეკლარაციის გამო ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე 700 ლარით დააჯარიმეს 

21 იანვარი 2021, 14:29 1009 ნახვა

2020 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიშით ირკვევა, რომ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე 700 ლარით დააჯარიმეს. დავით მჭედლიშვილს დეკლარაციაში რამდენიმე პუნქტი არ ჰქონდა მითითებული. 

დოკუმენტაციაში წერია:

1. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის უძრავი ქონება;

2. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები;

3. დეკლარაციაში არ არის მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;

4. ცდომილება თანამდებობის პირის ოჯახის წევრის ანაზღაურებაში;

5. დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრის შემოსავლები;

6. დეკლარაციაში არ არის მითითებული ხელშეკრულება.

დავით მჭედლიშვილმა საჯარიმო თანხა, 700 ლარი უკვე გადაიხადა. ამბობს, რომ ხარვეზების გასწორებას გეგმავს, ვადა კი 25 იანვრამდე აქვს. 

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ რამდენიმე საკითხს არ ეთანხმება. 

'' პირნათელი ვარ იმაში, რომ არანაირი დამალული ქონება არ მაქვს. პირიქით, საჯარო სამსახურში მუშაობის დროს ქონების გაყიდვაც კი მომიწია. 

არის გაუგებრობები. ერთი ის, რომ როდესაც, შვილი  საქართველოში სწავლობდა, მოინდომა ტურისტული სააგენტოს გახსნა. შემდეგ სწავლა გააგრძელა უცხოეთში და  7-8 წლის განმავლობაში იქ მოღვაწეობდა. ამ სააგენტოს არ უმუშავია და არ ჩამითვლია საჭიროდ მიმეთითებია, რადგან უმოქმედო კომპანია იყო. ეს ხარვეზად ჩამეთვალა.

უძრავი ქონება ყველა მითითებულია. ერთი გავყიდე საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში. ესეც არ ჩამიწერია და ალბათ გამოჩნდა. ასევე არ მქონდა მითითებული სესხის ხელშეკრულება, ჩავთვალე რომ არ იყო საჭირო. 

ადრეც მქონდა შევსებული დეკლარაცია და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.  გასულ წელს არ ვიცი რა მოხდა. ალბათ, კონკრეტულად შეისწავლეს. მქონდა კომუნიკაცია, შეკითხვები, რადგან ასე ჩათვალეს სასამართლოსთვის აღარ მიმიმართავს. ისე ბევრ საკითხს მაინც არ ვეთანხმები'' - განაცხადა დავით მჭედლიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი