2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

21 იანვარი 2021, 10:28 840 ნახვა

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დღეს განაჩენს გამოიტანს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

საქმეზე მოსმენა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. საქართველო აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.

''მათ შორისაა: სიცოცხლის უფლება;  წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა;  თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება და სხვ.  (სრულად: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 2013 წლიდან მოყოლებული, რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო გასწია.  შესწავლილი, გაანალიზებული და სასამართლოსათვის მიწოდებული იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. 

სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან  წარედგინა 700-მდე მტკიცებულება, მათ შორის:
•    ვიდეო- და ფოტომასალები, 
•    რადარის მონაცემები, 
•    ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, 
•    სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, 
•    მოწმეთა ჩვენებები, 
•    სატელიტური სურათები, 
•    მედიის მასალები, 
•    საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, 
•    სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, 
•    განაღმვის ანგარიშები,
•    გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.)'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში