საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ 1200 ლარიანი დახმარების პაკეტი ისევ შევა ძალაში. ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200-ლარიანი დახმარება მიიღოს.
ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი, ვინც სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარ-თებერვალში დაკარგა, 200 ლარიან დახმარებას მიიღებს.
„პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ცვლილებებმა შესაძლებლობა მოგვცა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 1200 ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა კვლავაც შევა ძალაში.
მსგავსი პაკეტი იყო გაზაფხულზეც, როდესაც შეზღუდვები დავაწესეთ. იგივე პაკეტი გავრცელდება პირველი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში და მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ორი თვე მაინც მუშაობდა და ეს უნდა გამოჩნდეს იმ ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში.
მეორე პირობა არის თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარში ან თებერვალში, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს. ყოველთვიურად 200 ლარიანი დახმარების პაკეტს.
დეტალების შესახებ მოქალაქეებს შეუძლიათ შემოსავლების სამსახურს მიმართონ, ასევე ვებგვერდზე დაიდება დეტალური ინსტრუქცია და ვიდეორგოლი. ამასთან დაკავშირებით სისტემა სრულად მზადყოფნაშია, შეფერხება და დამატებითი კითხვითი ნიშნები არ იქნება“,- განაცხადა მაჭავარიანმა.