აჭარის უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავრობას დასამტკიცებლად დღეს კენჭს უყრის. დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით თორნიკე რიჟვაძემ მიმართა. თავმჯდომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ პროგრამა ორიენტირებულია მოსახლეობაზე, პანდემიის ეფექტურად მართვაზე.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კორონავირუსის ფონზე აჭარაში ინვესტიციების განხორციელება არ უნდა შეფერხდეს.
''რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, პირველი და მთავარი იქნება ჩვენ გავაგრძელოთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. დღეს უკვე ორნიშნა რიცხვს დავუბრუნდით ინფიცირების შემთხვევების. შესაბამისად ჩვენი მთავარი ამოცანაა სტაბილიზაცია შენარჩუნდეს.
2021 წელი უნდა იყოს ეკონომიკის აღდგენის, გაჯანსაღების, პანდემიამდე არსებული დადებითი დინამიკის დაბრუნების, ინვესტიციების აღდგენის წელი. ინფრასტრუქტურული პროექტები არ უნდა გაგვიჩერდეს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე მთავარი რასაც ჩვენგან ჩვენი რეგიონის მოსახლეობა მოელის არის მაქსიმალური თანადგომა. ყოველდღიურად მძიმდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ ეს კარგად გვესმის, განსაკუთრებით სოფელში. ჩვენ ყველგან უნდა მივიდეთ, დავუდგეთ მათ გვერდში. იმას რასაც ვაკეთებთ მოკლევადიან პერსპექტივაში, ამას იგრძნობს თითოეული ოჯახი, რომელსაც ამის საჭიროება აქვს. ყველას ერთად გვმართებს მუშაობა'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.