ქუთაისის მერიის წინ გოგი წულაიამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ დაწვა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე ამბობს, რომ ბიუჯეტი მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება.
გოგი წულაიას თქმით, მან ბიუჯეტი გასულ წელსაც დაწვა, თუმცა მერიამ შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ მერიის შენობას სიმბოლურად ცერცვი შეაყარა.
"თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტების თანხები, თუმცა არ შემცირებულა მერიაში, აიპებსა და სიპებში დასაქმებულთა ხელფასი და ის 24 მილიონს შეადგენს.
გოგი წულაიას ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ ქუთაისის მერიაში.
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი 58 586 500 ლარით განისაზღვრა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტული მიმართულებები ისევ ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულებები, კულტურა და სპორტია. მერიის მიერ შემუშავებული ბიუჯეტი პროექტი ერთხელ უკვე განიხილეს საკრებულოშიც, სადაც შენიშვნები არ ჰქონიათ.
დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს კი საკრებულო დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.