პოლიციამ ტოტალიზატორის დაყაჩაღებაში ბრალდებული 2 პირი დააკავა

16 დეკემბერი 2020, 10:21 941 ნახვა

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.კ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ტ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, მეტროსადგური "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ტოტალიზატორში თავს დაესხნენ ამავე ტოტალიზატორის მოლარეს. თავდამსხმელებმა მოლარეს დანის მუქარით გააღებინეს სეიფი და გაიტაცეს თანხა, ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე მოახდინეს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.

პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი