აფრიკის დასახლებაში პოლიციამ დღეს 8 ადამიანი, მათდამი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით დააკავა. დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა იქ არსებული თვითნებურად აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინა, რასაც მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია.
ფაქტს ეხმაურება სახალხო დამცველი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. “ღია საზოგადოების ფონდს“ მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია უსახლკაროების ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, მიუღებელია მსგავსი ქმედება მით უფრო კოვიდ 19-ის პირობებში. ისინი მოუწოდებენ თბილისის მერიას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟის მიმდინარე პროცესი და ნგრევის შედეგად დაზარალებული ადამიანები დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადო საცხოვრისით. ნინო ლომჯარია თბილისის მერიისგან ოფიციალურ განცხადებას ელოდება, თუ რა ღონისძიებები იქნება გატარებული იმ ოჯახების უსახლკაროებისგან დაცვის მიზნით, რომელთა საცხოვრებელი სახლები დემონტაჟს დაექვემდებარა.