„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ და სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადების დაწერას აპირებენ - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება გუნდმა ერთსულოვნად მიიღო.
„აბსოლუტურად ერთსულოვანია გადაწყევტილება. ხვალ მივმართავთ ცესკო-ს, მანდატებზეც უარს ვიტყვით, სიასაც ჩავხსნით. აბსოლუტურად ერთსულოვანი არის ამ კუთხით მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება, ყოველგვარი განსხვავებების გარეშე.
სიტუცია ძალიან მძიმეა, ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ, პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და უზარმაზარი მარცხი ქართული დემოკრატიის, რომელიც ქვეყანაში არის. ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო.
ჩვენ -„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს, ისევე როგორ აქამდე, ყოველთვის გვექნება ჩვენი დამოუკიდებელი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მეტი და მეტი კონსოლიდაცია იმ ადამიანების, ვინც ფიქრობენ, რომ უნდა ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, – აღნიშნა ვაშაძემ.