საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საწოლფონდი არის ყველაზე კრიტიკული და მტკივნეული თემა, რომელზეც საზოგადოებიდან ყველაზე მეტი კითხვა მოდის.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მობილიზებული 5 952 საწოლიდან თავისუფალია 279.
„საწოლფონდი არის ყველაზე კრიტიკული და მტკივნეული თემა, რომელზეც ხშირად ისმის საზოგადოებისგან კითხვები. ამ ეტაპისთვის მობილიზებული გვაქვს 7 363 საწოლი, საიდანაც კოვიდისთვის გამოყენებულია 5 952, განთავსებულია 5 741 პაციენტი. ტრიაჟში იმყოფება 231 პაციენტი, ხოლო აქტიური საწოლი გვაქვს 279. გუშინ, 24 საათის განმავლობაში კლინიკებში მკურნალობა დაასრულა 817-მა პაციენტმა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.