გლდანში, კარფურში მომხდარ თავდასხმაზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1976 წელს დაბადებული ა.გ. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თავის ყოფილ მეუღლეს – 1983 წელს დაბადებული თ.პ-ს მისსავე სამსახურში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მიაკითხა, რითაც დაარღვია თ.პ.-ს დაცვის მიზნით მის მიმართ სამართალდამცველების მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ყოფილ მეუღლეს საკანცელარიო დანის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა.
„თ.პ. სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – საკანცელარიო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.