დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად - ირაკლი კობახიძე 

18 ნოემბერი 2020, 15:17 1067 ნახვა

დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და შესაბამისად მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. ''ქართული ოცნება'' ოპოზიციას დებატებს სთავაზობს. 

​''მნიშვნელოვანია ასამბლეის მოწოდება ოპოზიციური პარტიების მიმართ შევიდნენ პარლამენტში და  თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუტებში  განაგრძონ. იმედი გვაქვს ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას. 

გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, სადაც არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი. 

სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის  დაკავშირებული.

თავდაპირველად გაუგებარი მიზეზით თქვეს უარი საარჩევნო უბნების გადათვლაზე და საარჩევნო უბნებში განთავსებული კამერების ვიდეოჩანაწერების გამოყენებაზე. 

გუშინ კი, უარი თქვეს არჩევნებთან დაკავშირებული დებატებში  მონაწილეობაზე. აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში და ამ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოჰფენს  საარჩევნო პროცესს, თუმცა მათ უნდა ეყოთ სითამამე გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. 

ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად  უდევს სიყალბე,  რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი