აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის - აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადება

12 ნოემბერი 2020, 02:04 3156 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ზედმიწევნით, სრულად, თანაბრად და განურჩევლად აშუქებს ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მცირერიცხოვანი პარტიის აქტიურობას, როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში, რაც აღინიშნა ეუთო, ოდირის მედია-მონიტორინგის ჯგუფების მიერ. ბოლო დღეებია, წვიმასა და დარში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს ოპოზიციური პარტიების ერთობლივ თუ დამოუკიდებელ საპროტესტო აქციებს, ბრიფინგებსა თუ ცალკეულ განცხადებებს, მათი კომენტარის გარეშე არხს არ გაუშუქებია სახელისუფლო პარტიისა თუ სამთავრობო სტრუქტურების არცერთი განცხადება.

ჩვენ არავისგან ვითხოვთ აღიარებას ან მადლიერებას ჩვენს მიერ გაწეული პროფესიული სამსახურის გამო, თუმცა ვითხოვთ კორექტულობას ჩვენი ჟურნალისტების მიმართ მაშინაც კი როდსაც მძიმე სამუშაო დღის ბოლოს მექანიკურად გრამატიკული შეცდომა მოსდით პირდაპირ ეთერში საუბრისას.

პარტიის წარმომადგენელმა კირთაძემ, წინა დღეს თავად აღნიშნა ინტერვიუში, რომ უამინდობის გამო, აქცია მთავრობის სახლთან ნაკლებ აქტიური გახდა შესაბამისად ჟურნალისტს, რომელიც მაინც მივიდა დღეს აქციის გასაშუქებლად რათა წვიმიან ამინდში იქ მყოფ ადამიანებს უყურადღებოდ არ ეგრძნოთ თავი, არ გაკვირვებია, როდესაც პარტიის ლიდერები ვერ დაინახა და უბრალოდ აღნიშნა, რომ წვიმის მიუხედავად ადგილზე რჩებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები იქვე დასძინა, რომ როგორც თავადვე განაცხადეს, აქციის გააქტიურებას მომდევნო დღიდან გეგმავენ.

რამდენიმე წინადადებიან ჩართვაში არ ყოფილა არცერთი სიტყვა, რომელიც დამაკნინებლად შეიძლება ჩაითვალოს აქციის ან მისი მონაწილეების, ისევე როგორც არაფერი არაკორექტული ან მცდარი ყოფილა ახალი ამბების წამყვანის ტექსტში, რომელიც ჟურნალისტის ადგილიდან ჩართვას უსწრებდა წინ.

შესაბამისად ის ღვარძლითა და სიძულვილით აღსავსე ვიდეო, რომელიც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა პიროვნულად ჟურნალისტის მიმართ, და ეჭვი გამოთქვა შეკვეთილ სიცრუეზე, შეურაცხმყოფელი და მიუღებელია და ემსახურება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციას.

ჩვენ ვემიჯნებით და ვუპირისპირდებით სიძულვილის ენის გამოყენებას ნებსიმიერი რესპოდენტის მხრიდან ნებისმიერი ადრესატის მიმართ და იგივე დამოკიდებულება გვაქვს როდესაც ასეთ ლექსიკას და ღვარძლიან შეფასებებს ვისმენთ და ვხედავთ ჩვენი ჟურნალისტის მიმართ.

ეს ინციდენტი არ აისახება ჩვენს მიერ ოპოზიციური პარტიების საქმიანობის გაშუქებაზე არც მომავალში, თუმცა თითოეულ მსგავს ინციდენტს გავაშუქებთ სათანადოდ და პრიორიტეტულად, არ დავუშვებთ ჟურნალისტების ბულინგს და მივცემთ ასეთ ფაქტებს სათანადო რეაგირებას შეეხება ეს ჩვენს ჟურნალისტს თუ ნებისმიერი მედია-საშუალების წარმომადგენელს, - ნურავინ მისცემს თავს უფლებას დაამციროს და აბუჩად აიგდოს მედია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში