აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დღეიდან ე.წ. გარდამავალ პროცესს იწყებენ, რაც ინაუგურაციამდე ხელისუფლების გადასაბარებლად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.
არჩეული პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავებაა, რისთვისაც ის დღეს 12 ადამიანისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს ჩამოაყალიბებს. მათ შორის იელის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, ექიმი მარსელა ნუნეზ-სმიტიც იქნება. ჯო ბაიდენმა ასევე უნდა დააკომპლექტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგენლობა, რომელიც მომდევნო ოთხი წლის ვადაში მას ქვეყნის მართვაში დაეხმარება.
ჯო ბაიდენს ჯერჯერობით არ განუსაზღვრავს ვადები მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად, თუმცა ისიც და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც აღნიშნავენ, რომ მათ შორის იქნებიან ქალები და ფერადკანიანი წარმომადგენლები.