შსს-ს ცესკოსთან ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია

08 ნოემბერი 2020, 23:02 1124 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის ინფორმაციით, სამართალდამცველებს ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული დეზინფორმაციას წარმოადგენს.

„სამწუხაროდ ვრცელდება დეზინფორმაცია. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა საბანაძემ.

მისივე განცხადებით, აქციის დროს ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.

დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის დროს ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა საბანაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში