საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
„სამ დღეში არჩევნებია! მოგმართავთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე: კოვიდის შეკავება და ეკონომიკის გადარჩენა, ქვეყნის სტაბილურობის გამყარება, დემოკრატიული წინსვლის განმტკიცება - ეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და უალტერნატივო პრიორიტეტებია!
ამ დროს, შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის - ჯარი, სამართალდამცავები და ჯანდაცვის წარმომადგენლები.
ჩემი მოვალეობა ამ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვაა, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი დგას.
ჯარზე - ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს.
როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!
სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები ასევე ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაციას იმ ნაწილში, სადაც ჩვენი ქვეყანა მაღალი საერთაშორისო შეფასებითა და რეპუტაციით სარგებლობს. ჩვენი სტრუქტურები სხვადასხვა სფეროში ეფექტიანად თანამშრობლობენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. არსებული თანამშრომლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებს არ ემსახურება.
როგორც პრეზიდენტმა, მინდა კატეგორიულად დავგმო ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება და საბოლოოდ კი ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას. მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის, რომელმაც გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე, და ამ ოპერაციის მეთაურს საჯაროდ ვუთხრა მადლობა!
ჯანდაცვის სფეროზე - მისი ყველაზე ცნობილი და დაფასებული წარმომადგენლების ლანძღვა და დისკრედიტაციის მცდელობა კი ემსახურება მათი ავტორიტეტის შელახვას და საზოგადოებაში ნდობის ფაქტორის შესუსტებას. იმ ნდობის, რომელიც პირველ ეტაპზე ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი იყო. ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს ნდობა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა შევძლოთ ამ პროცესის ეფექტიანი მართვა, გავაღრმაოთ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობები - იქნება ეს ვაქცინისა თუ სხვა საჭირო მედიკამენტების მიღება.
როგორც პრეზიდენტმა არ შემიძლია, არ დავაფასო ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გაწეული, მათი უდიდესი დამსახურება. მინდა გამოვხატო ჩემი და საზოგადოების მადლიერება ეპიდემიოლოგების, ექიმების, ექთნებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე, უხილავი მტრის წინააღმდეგ, დაუღალავად იბრძოდა და იბრძვის. ასევე მინდა ვისარგებლო და პატივი მივაგო იმ ადამიანებს, რომლებმაც სხვების გადარჩენას შესწირეს თავი.
ეს შეტევები ემსახურება ქვეყანაში არასტაბილურობის განცდის შექმნას, შიშის და პანიკის გავრცელებას და დაძაბულობის გაღვივებას წინასაარჩევნო პერიოდში.
ჩვენი ერთობლივი მოვალეობაა, კარგად გავიაზროთ, თუ რა გამოწვევებთან გვაქვს საქმე: საქართველო ამ რეგიონში ყველაზე სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყნად რჩება. ეს სტატუსი უნდა შევინარჩუნოთ და გავამყაროთ. რეგიონში არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, ჩვენი სტაბილურობა ჩვენთვის, მთლიანად რეგიონისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე გამჭვირვალედ, მშვიდად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება;
მიუხედავად კოვიდის გამოწვევისა, მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ, რეკომენდირებული უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ვაჩვენოთ ყველას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების კიდევ ერთი მაგალითი.
ამდენად, ჩვენი მისვლა არჩევნებზე ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა. ეს თითოეული მოქალაქის ვალია - თქვენი, ჩემი.
და ბოლოს, მინდა მივულოცო, მათ ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, პირველად მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფოს განვითარებაში და საკუთარი ქვეყნის მომავალს ამით განსაზღვრავს.
წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე!“, - აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.