ოპოზიცია დაპირისპირებას აწყობს - ქართული ოცნება ხულოში მომხდარ ფაქტს ეხმაურება

28 ოქტომბერი 2020, 13:40 3918 ნახვა

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ''ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. ანზორ ბოლქვაძეს ხულოში, სოფელ  დიდაჭარაში მოქალაქეები უპირისპირდებიან და სოფლიდან წასვლისკენ მოუწოდებენ. 

ბოლქვაძეს ახალგაზრდა მამაკაცი უახლოვდება და ეუბნება, რომ მისი მოღვაწეობა დასრულებულია. 

''თქვენ წესიერი ადამინების მოწინააღმდეგე კაცი ხართ, ყველაფერი დაასრულეთ უკვე. თუ რამის გაკეთება უნდოდა, ყველამ იცი რა პრობლემაც მქონდა. შენ, რომ დეპუტატი გამხდარიყავი მაგისთვის ვიბრძოდი და მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამიშვი. ადამიანს ცხოვრება დამინგრიე, კიდევ მოდიხარ ჩვენს სოფელში. მთლიანად საძმაკაცოს ცხოვრება დაგვინგრიე და რა როგორ მოდიხარ აქ?'' - ამბობს ახალგაზრდა კაცი. 

სიტყვიერი და ხმაურიანი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გრძელდება. 

დღეს ''ქართული ოცნების'' ოფისში ბრიფინგი ჩაინიშნა. კომენტარი გიორგი მანველიძემ გააკეთა. თქვა, რომ ოპოზიციური პარტია პროვოკაციებს აწყობს, ''ქართული ოცნება'' კი კონფლიქტებს თავს არიდებს. 

''ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწყვეს პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტს და ფიზიკურ დაპირისპირებას. ჩვენ როგორც ხელისუფლება და პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა ძალამ თავი ავარიდეთ კონფლიქტს და პროვოკაციას, რომელიც დაგეგმა ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' და განახორციელა მათმა წარმომადგენელმა. 

მოვუწოდებთ სამართალდამცავებს აღკვეთილი იქნას მსგავსი შესაძლო პროვოკაციები, რაც ნაც. მოძრაობის დღის წესრიგს წარმოადგენს'' - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მანველიძემ. 

კითხვაზე საუბარი იყო თუ არა სპორტსმენ წულუკიძეებზე, გიორგი მანველიძე პასუხობს, რომ კადრებში ყველაფერი შესანიშნავად ჩანს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში