არჩევნებს ოპოზიციასთან დაკავშირებული 32 სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება - თეა წულუკიანი 

27 ოქტომბერი 2020, 12:48 1032 ნახვა

''ქართული ოცნების'' დეპუტატობის კანდიდატი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ წელს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა რიცხვი არის გაორმაგებული. თეა წულუკიანის თქმით, მათ შორის ბევრი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდება. 

მისივე განცხადებით, 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან ასეთი 32-ია. 

თეა წულუკიანმა დღეს რამდენიმე ორგანიზაცია დაასახელა და თქვა, რომ მათი ხელმძღვანელები ან დამფუძნებლები, ''ნაციონალურ მოძრაობას'' უკავშირდებიან. 

''წელს დამკვირვებელთა რიცხვი არის გაორმაგებული. თუ შევხედავთ საპრეზიდენტო არჩევნებს, მაშინ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რიცხვი იყო 60-ის ფარგლებში. წელს რეგისტრირებულთა რიცხვი შეადგენს 129-ს. თუ კითხვა გაჩნდა - რატომ რეგისტრირდება ამდენი ორგანიზაცია, პასუხი არის მარტივი.

''ქართული ოცნების'' ხელისუფლების პერიოდში, ჩვენ შემოვიტანეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საარჩევნო სისტემა. ამ დემოკრატიული სისტემით როგორ სარგებლობს ზოგიერთი კონკრეტულად გეტყვით. ჩვენი ანალიზით 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, ერთი მეოთხედი, 34 მათგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული.

ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს ''ნაციონალურ მოძრაობას'' - 20 ორგანიზაციაა ასეთი. რვა ჰყავს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ დანაყოფს ''ევროპულ საქართველოს'' და ასევე არის ორი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც უკავშირდება ''სტრატეგია აღმაშენებელს'', ასევე არის ''პარტიორთა ალიანსთან'' დაკავშირებული ორი ორგანიზაცია. ანალიტიკური მასალა გადმოგეცემათ ჟურნალისტებს. რამდენი მაგალითს მოვიყვანთ, რომელიც აღნიშნულ სქემას ეხება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს დააკვირდება ორგანიზაცია ''რეფორმატორთა კლუბი'', რომლის დამფუძნებელი არის არავინ სხვა თუ არა ''ნაციონალური მოძრაობის'' ყოფილი სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე დღესაც არის ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა.

ასევე ე.წ. დამკვირვებლად არის რეგისტრირებული ''მონიტორინგის ცენტრი - მედიატორი'', რომლის დამფუძნებელი გახლავთ, ''ნაციონალური მოძრაობის'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორში ლევან ხაბეიშვილი. მე ახლო კონტაქტი მაქვს სამგორის ამომრჩეველთან და ხაბეიშვილის მწირი მხარდაჭერა აქვს.

მთავარი არის ის რომ ეს კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძვის თავის თავს მიიჩნევს ასევე დამკვირვებლად. როგორც ჩანს, საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და ნეიტრალურ შეფასებას შემოგვთავაზებს'' - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი